ამბავი იმისა, ვინ არის ნოდარ მელაძე

Tags

, , , , , , ,

ნოდარ მელაძის ჟურნალისტური შედევრის შესახებ უკვე ყველამ იცით და არც ვაპირებდი ამ თემაზე დაწერას, დღევანდელი ინციდენტი რომ არ მომხდარიყო. შუადღეს გასაუბრება მქონდა თავისუფლების მოდანზე, მანამდე კი, ფული უნდა გამომეტანა ბანკომატიდან, ამიტომ ლესელიძის ქუჩაზე ჩავუხვიე. უკან რომ მოვდიოდი, ვიღაც სამი ბიჭი გადამიდგა წინ, ტიპიური “კაი ბიჭები”, დროის ძირითად ნაწილს ქუჩაში ფურხებასა და ჩემი დედა შევეცი-ს ძახილში რომ ატარებენ. შევეცადე გვერდი ამევლო, მაგრამ ვერ მოვახერხე. უცებ ერთ-ერთი მეკითხება : “ამერიკის დროშიანი შარვალი რა პონტში გაცვია?”. რატომ არ უნდა მეცვას-მეთქი, ვუპასუხე. მერე კიდევ რაღაც მითხრეს პირსინგზე, სიმართლე გითხრათ, არ გამიგია. ამის შემდეგ მეორე ტიპი მეკითხება: “ეგ რა უცნაური ჯვარია, რა არის?! რამე სექტის წევრი ხარ?!”. განვუმარტე, რომ ეს ჯვარი კი არა, ძველეგვიპტური სიმბოლოა. “გეკითხები, რომელიმე სექტის წევრი ხარ?!” – მკითხა ისევ. ძალიან გავბრაზდი და რა შენი საქმეა-მეთქი, ვუპასუხე. რახან გეკითხები, ესეიგი ჩემი საქმეა-ო და უცებ ძალიან უხეშად შემანჯღრია. არ ვიცი სიბრაზემ, თუ შეშინებამ გამოიწვია ჩემი რეაქცია, მაგრამ მაშინვე ხელი ვკარი და იქვე მდგარ პატრულთან მივედი და ვუთხარი, რომ მაწუხებდნენ. პატრული მაშინვე მოვიდა, ჰკითხა, რამე პრობლემა ხომ არ არისო, არაო იმათმაც და წყნარად და მშვიდად წავიდნენ.

სიმართლე რომ ვთქვა, იმდენად არ შემშინებია, რამდენადაც გავბრაზდი. გავბრაზდი, რომ ვიღაც ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები მოდიან და “მეკაჩავებიან” იმის შესახებ რა უნდა მეცვას და რა არა, უნდა მეკეთოს თუ არა პერსინგი, უნდა ვიყო რამე სექტის წევრი თუ არა და ა.შ.

რატომ დავუკავშირე ეს ამბავი ნოდარ მელაძის გენიალურ გადაცემას “სატანისტების” შესახებ?
უკვე თითქმის ერთი წელია პირსინგს ვატარებ, ეს შარვალიც მცმია აქამდე და ყელსაბამიც გამიკეთებია და არაფერი მსგავსი არ გადამხდენია.

ძალიან გაბრაზებული და დათრგუნული ვარ. რა უნდა ვქნა ახლა? ვიღაც ნოდარ მელაძის უცნაური აკვიატების გამო უნდა მეშინოდეს გარეთ გამოსვლა, იმ ტანსაცმლის ტარება, რომელიც მომწონს, თუ პირსინგი უნდა მოვიხსნა?! ახლა, როდესაც ნათლად დავინახე ის სიტუაცია, რომელიც ამ გადაცემამ გამოიწვია, უფრო მეტად იმ ბავშვების ბედზე ვნერვიულობ, რომლებიც მართლაც გარკვეულ სუბკუტურებს მიეკუთვნებიან და გამოირჩევიან თავისი ჩაცმულობით. რა უნდა ქნან მათ?! უნდა დაკარგონ თავისი ინდივიდუალობა მხოლოდ იმის გამო, რომ ტელეკომპანია “იმედს” რეიტინგის აწევა სურს?! თუ მუშტების, მუქარების და სიძულვილის ზღვა უნდა აიტანონ?! მგონი არც ერთი.

ასე რომ, მინდა გითხრა ნოდარ მელაძე, რომ ყლე ხარ და მეტი არაფერი.
აქამდეც მივდიოდი და ახლა უფრო დიდი შემართებით მივდივარ საპროტესტო აქციაზე “100 გრადუსი ცელსიუსის” წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, თქვენც შეუერთდეთ და არ დაელოდოთ, სანამ ვიღაც თქვენც მოგადგებათ.

მე ლურჯი მქვია

Tags

, , , , , ,

დღე 1.
- გამარჯობა, მე ლურჯი მქვია, შენ?
- იასამნისფერი, სასიამოვნოა.
- მართლა? დარწმუნებული ვიყავი, რომ შენც ცისარტყელადან იქნებოდი, მეცნობოდი საიდანღაც.
- მეც.
- გამიხარდა რომ გიცანი.
- მე უფრო.

დღე 2.
- შენზე მომიყევი რამე.
- რა უნდა მოგიყვე?! სხვები ფიქრობენ, რომ ერთი ჩვეულებრივი, მხიარული, უფერული ადამიანი ვარ, არადა არაა ასე, მართლა. არც ჩვეულებრივი ვარ, არც მხიარული და არც უფერული.
- ვიცი, ვხედავ.

დღე 3.
- რედიოჰედი გიყვარს?
- კი, ძალიან.
- მეც ძალიან.

დღე 4.
- რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს.
- ვიცი რაც გჭირს, წადი დაიძინე. შენსავით ფერად სიზმრებს გისურვებ.
- შენზე ფერადი მაინც ვერ იქნება.

დღე 5.
- დღეს არ მინახიხარ, სად იყავი?
- არადა მე გნახე.
- ეგ როგორ?
- სიზმარში გნახე.

დღე 6.
- რაღაც იდეა მაქვს!
- ძალიან კარგი იდეაა.
- ჯერ ხომ არ მითქვამს რა იდეაა.
- უკვე ვიცი, რომ კარგი იქნება.

დღე 7.
- როგორ ხარ?
- …
- რატომ არ მპასუხობ?
- …
- აღარ მელაპარაკები?
- რა აზრი აქვს.
- იქნებ აქვს აზრი.
- კარგი, მაშინ თავიდან დავიწყოთ. გამარჯობა, მე ლურჯი მქვია.
- მე კიდევ მგონია, რომ ლურჯი და იასამნისფერი ერთმანეთს უხდება.

ლელობურთი სოფელ შუხუთში

Tags

, , , , , , , , ,

აღდგომა რელიგიური დღესასწაულია, თუმცა ისეთ ტრადიციებსაც მოიცავს, რომელიც რელიგიურ ხასიათის არ არის. ასეთია მაგალითად, საქართველოში, გურიაში, სოფელ შუხუთში, ლელოს თამაში ყოველ აღდგომა დღეს. ეს ტრადიცია დაახლოებით 200 წელს ითვლის და ჩვეულებისამებრ, ერთმანეთს სოფლის ორი ნაწილი – ქვემო და ზემო შუხუთი ეჯიბრება. რაც შეეხება თვითონ თამაშს – ლელობურთი დაახლოებით 12-20 კილოგრამიანი ბალახით, მატყლით ან ძუით გატენილი ბურთია, რომელიც ყოველ წელს საგანგებოდ იკერება და თამაშის დაწყებამდე ეკლესიაში ინახება. თამაში მაშინ იწყება, როდესაც ამ ბურთს მღვდელი ააგდებს, ხოლო მთავრდება მაშინ, როდესაც ერთ-ერთი გუნდის წევრი სოფლის მდინარეს გადალახავს და ლელოს მეორე ნაპირზე დადებს. როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გვითხრეს, თამაშს უკვე ზედიზედ ორი წელია ზემო შუხუთელები იგებენ, რომლებმაც პოზიციები არც წელს დათმეს.

არსებობს კიდევ ერთი ტრადიციაც – გამარჯვების შემდეგ ლელობურთი ერთ-ერთი ახლადგარდაცვლილის საფლავზე მიაქვთ და იქ ტოვებენ. მართლაც, ბევრი საფლავი ვნახეთ ლელობურთით “დამშვენებული”.

ჩემი აზრი თამაშის შესახებ? წელს პირველად დავესწარი და გულახდილად რომ გითხრათ, თვითონ პროცესი არ მომეწონა. თამაში უაზრო, არასასიამოვნო საყურებელი მომეჩვენა და რაღაც დოზით, ჩემი აზრით, ერის უკულტურობას გამოხატავდა. თუმცა, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, მე არ ვიცი რას გრძნობენ ადამიანები, რომლებიც თამაშობენ, რას ნიშნავს მათთვის ეს თამაში. ის კი ნამდვილად შევამჩნიე, რომ ადგილობრივებისთვის ეს არ არის უბრალოდ თამაში და სანახაობა. ისინი ამ ყველაფერს სრული სეროზულობით უდგებიან და ძალიან ემოციურები არიან გამარჯვების/დამარცხების შემთხვევაში. ვფიქრობ, პირადად ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრადიციის შენარჩუნება და ალბათ ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ მის შენარჩუნებას ხელი შეუწყონ.

ლელობურთი უკვე მეოთხე წელია გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა შეჯიბრებები ჭიდაობასა ცხენოსნობაში, ასევე გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფები „ურსა“ და „გორდელა“. წელს პირველად თამაშს დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოჯახით.

ასჯერ გაგონილს რომ ერთხელ ნანახი სჯობს, მგონი გაგიგიათ, ასე რომ, გირჩევთ თქვენ თვითონ დაესწროთ ამ თამაშს ))

დანარჩენი ფოტოები იხილეთ – აქ.

P.S. ყველაზე საწყენი ისაა, რომ დაახლოებით 20 წუთი ვასწორებდი ფოკუსს იმ ადგილზე, საიდანაც ბურთი უნდა აეგდოთ და იმ მომენტში, როდესაც ბურთი ააგდეს, დაჭერა ვერ მოვასწარი :დ

სად გადის წითელი ხაზი

Tags

, , , , , ,

ცოტა ხნის წინ, ჩემი ქართულის მასწავლებელი კლასში ხსნიდა, თუ როგორი სახით უნდა დაიწეროს არგუმენტირებული ესე. ყველაფერი სტანდარტული და გასაგები იყო, ერთი მომენტის გარდა. მან ახსენა, რომ უნდა შევეცადოთ არ დავწეროთ ის, რაც “შავზე თეთრის მტკიცება” იქნება. ამ განცხადებას მაშინვე მოყვა ლოგიკური შეკითხვა ჩემი კლასელისგან, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ რა არის “შავზე თეთრის მტკიცება” და რა უბრალოდ ჩვენი პირადი, უმრავლესობისგან განხვავებული აზრი. მოყვანილი იყო რამდენიმე მაგალითი, სიტყვაზე ის, რომ დებულებაში “ნარკომანია 21-ე საუკუნის სენია” “შავზე თეთრის მტკიცება” იქნება, თუ ვიტყვით რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნარკომანები საერთოდ არ არსებობენ ან პირიქით, რომ ყველა ადამიანი ნარკომანია. გასაგებია მომენტია, რადგან ეს აზრი აბსურდია. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. თურმე იმაზე კამათიც არ შეიძლება, რომ ქალის მთავარი ფუნქცია ოჯახის შექმნაა; თურმე არ შეიძლება გქონდეს განსხვავებული აზრი და ამტკიცებდე იმას, რომ ქალს შეიძლება სულ სხვა ფუნქციაც ჰქოდეს და სულაც არ არის საჭირო ყველა ქალს შვილი ჰყავდეს. ასეთ მომენტებში ყოველთვის მაინტერესებს, რატომ მოიხსენიებენ ქალს რაღაცნაირად განცალკევებულად, გეგონება კაციც და ქალიც ერთნაირი ადამიანები არ იყვნენ.

ცოტა შორს წავედი. ფემინისტური პოსტის დაწერას არ ვაპირებ. ჩემთვის დამაფიქრებელი მაინც სხვა საკითხია. მართლაც როგორ უნდა გავარჩიოთ ჩვენ, ადამიანებმა რა არის მაგალითად ცუდი და კარგი და არსებობს კი ცუდი და კარგი?! საერთოდაც, ნეგატიურად ვუყურებ ამ ზედსართავ სახელებს.. კარგი, ცუდი, გემოვნებიანი, უგემოვნო, ლამაზი, უშნო.. რატომ არის არის რაღაც ცუდი? მხოლოდ იმიტომ რომ უმრავლესობა (გამომდინარე რელიგიიდან, რაღაც საერთო მორალიდან და ა.შ.) ფიქრობს, რომ ეს ცუდია?! კარგი, მაგრამ ხომ ყოველთვის იქნება ადამიანების რაღაც ჯგუფი, რომლისთვისაც ეს კარგი იქნება, თუნდაც ეს ყველაზე საზარელი რამ იყოს. მაგალითად, მკვლელობა – ყველა ვთანხმდებით, რომ საშინელებაა, ცუდია, შემზარავია. მაგრამ თვითონ მკვლელისთვის, ეს ხომ დადებითი მოვლენაა. ანუ გამოდის, რომ ბოლომდე ცუდიც არ ყოფილა. მორალი და რწმენა კი ყველას თავისი აქვს და სწორედ ისაა, გასარკვევი, სად გადის ის ზღვარი, როდესაც საჭიროა ჩარევა და იმის გარკვევა, სად მთავრდება “ცუდი” და იწყება “კარგი”. ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი კი ისაა, რომ ამის “გარკვევის” დროს არ დავჩრდილოთ ადამიანის ინდივიდუალური აზროვნება და არ მივიჩნიოთ რაღაც ცუდად ან უგემოვნოდ, მხოლოდ იმიტომ რომ, საზოგადოების უმრავლესობა ასე თვლის. ეს კი გვიჭირს, ყველას გვიჭირს.

ამ ბოლო დროს ვაკვირდები, თუ როგორ ხდება ცალკეული აზრების თუ იდეოლოგიების კონკრეტულ ადამიანებამდე მიტანა. რა იციან ჩემმა მეგობარმა ლიბერალებმა, კაპიტალისტებმა, სოციალ-დემოკრატებმა, ანარქისტებმა თუ ა.შ, რომ ის, რასაც ხალხს სთავაზობენ და ცდილობენ არგუმენტებით დაანახონ, ნამდვილად კარგია. ან რა ვიცი მე, რომ როდესაც ადამიანს ვუხსნი, თუ რატომ უნდა იყოს ვეგეტარიანელი, ცუდ რჩევას არ ვაძლევ? რა თქმა უნდა, არც ერთმა არ ვიცით. მაგრამ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს – ყველა სწორედ იმ წითელ ხაზს ვეძებთ, რითაც რუკაზე საზღვრებს აღნიშნავენ. იმ საზღვარს, სადაც ჩვენი აზრით ცუდი და კარგი, სიკეთე და ბოროტება, სილამაზე და სიმახინჯე იკვეთება; და მე მაინც ვფიქრობ, რომ “კარგი” , “ცუდი” და ასევე სხვა ზედსართავი სახელები არ იარსებებენ, იმ მომენტამდე, სანამ იარსებებს მეორე მხარე, ანუ ადამიანები, რომელთათვისაც ეს რაღაც კარგი/ცუდი იქნება.

ასე რომ, მინდა მივმართო ჩემი ქართულის მასწავლებელს: არ ვიცი რას გულისხმობთ თქვენ, როდესაც ამბობთ, რომ რაღაც “შავზე თეთრის მტკიცებაა”, მაგრამ ჩემთვის თუნდაც იმის მტკიცება, რომ ქალის ძირითადი ფუნქცია ოჯახის შექმნაა (და სხვა მსგავსი), უკვე ყველანაირ ფერებს სცდება. მე კიდევ მიყვარს ფერები, თან ძალიან და ეჭვი მეპარება, ეს თქვენ შეცვალოთ.

ჩემი მიზანი ცხოვრებაში

Tags

, , , , , , ,

უცნაურია, მაგრამ შავ-თეთრი სიზმრები არასდროს დამსიზმრებია, ყოველთვის ფერადი მესიზმრება. არადა, ამბობენ იშვიათობააო. ისე, ბევრ რამეს ამბობენ ეგრე.. ფაქტია, რომ ჩემი სიზმრების სამყარო ყოველთვის ფერადია და ძირითადად მწვანე ფერი ჭარბობს ხოლმე; იქ ბევრი ადამიანია, თუმცა გარეგნობა თითქმის არასდროს აქვთ, მხოლოდ ფერებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ჩემი სიზმრების სამყაროში მე იასამნისფერი ვარ, შენ ნარინჯისფერი. ალბათ უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს ორი ფერი ერთმანეთს არ უხდება, მე კი ასე არ მგონია. კი, სხვადასხვა ფერის ვართ, მაგრამ ორივე ერთი ცისარტყელიდან მოვდივართ და ეს მნიშვნელოვნია. სახლიც ერთი გვაქვს, მას ცა ქვია და ის ლურჯია (ვიცი, რომ ცისფერია, მაგრამ ჩემთან ლურჯია). ის ყველაზე კეთილი, გულუბრყვილო და სამართლიანია. იქ არ ზის წვერებიანი ბიძია და არ აშინებს არავის, იქ მარტო ჩვენ ვართ, მარტო ჩვენი სახლია. დაბლა კი, ცისარტყელას სპექტრი სხვადასხვა ფერებად იშლება და ყველა თვითონ ირჩევს თავის ფერს, თავისი ნება-სურვილით; აქ არ არის განსხვავება ადამიანისა და ცხოველისა, კაცისა და ქალისა, ახალგაზრდისა და მოხუცისა – აქ ასაკი საერთოდ არ არის, არც დრო არსებობს. მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი საათია ან რამდენი წლის ხარ, აქ ერთმანეთი უბრალოდ უყვართ, ნებისმიერ დროს და ყველაფრის მიუხედავად. ჩემი სიზმრების სამეფოში არ კლავენ ცხოველებს, იმისთვის რომ დაცარიელებული მუცელი ამოივსონ, არ ჭრიან ხეებს, იმისთვის რომ მათი სიკვდილით გათბნენ – აქ ერთმანეთის სითბოთი თბებიან; აქ ლაპარაკიც და მოსმენაც ერთნაირად უყვართ და იყენებენ ნებიესმიერ შანსს, რათა ერთმანეთი უკეთ გაიცნონ; აქ არ არსებობენ ქვეყნები, სოციალური ქსელები, რელიგიები, წარსული ტრადიციები, აწმყო ან მომავალი.. აქ უბრალოდ მშვიდობა სუფევს.

იმდენჯერ გავიმეორე „აქ“, რომ მგონი მე თვითონ დავიჯერე, რომ ეს ყველაფერი მართლაც აქ არის, მაშინ, როდესაც ასე არაა. მაგრამ ვიცი ის, რომ ეს ყველაფერი სადღაც ძალიან ახლოსაა, უბრალოდ პოვნა სჭირდება. პოვნას კი შესაბამისი ძიება. ვიცი შენც ზუსტად იგივეს ეძიებ. საიდან ვიცი? მე თვითონ ვერ გამიგია, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ.
მე უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენი ფერები ოდესმე აუცილებლად გადაეკვეთება ერთმანეთს ცისარტყელაზე და მაშინ ერთად ვეძიებთ ჩემს სიზმრებში არსებულ სამყაროს. ჩვენს სამყაროს.

იმედია ამის წაკითხვის შემდეგ მაინც მიხვდებან ადამიანები, რას ვგულისხმობ მაშინ, როდესაც კითხვაზე, თუ რა არის ჩემი ცხოვრებისეული მიზანი, ვპასუხობ, რომ მთავარია ცხოვრება ჩემს სიზმრებს დაემსგავსოს, სულ ოდნავ მაინც.