დათვისა და მელას ზღაპრული ამბავი

Featured

ტეგები

, , , , , , ,

The XX, Sleep Party People, M83.. ეს ის ჯგუფებია, რომელთა შემოქმედების მოსმენისას ყოველთვის წამოვიდგენ ჩემს თავს ბუნებაში – სიმწვანესა და სიჩუმეში; იმ ჰარმონიაში, რომელიც იდეაში, ადამიანებს უნდა გვქონდეს ბუნებასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ყოველთვის მწყდებოდა გული, რომ ქართულ მუსიკალურ სივრცეში მსგავსი პროდუქტები, ერთეულების გარდა, არ იქმნებოდა.
არ იქმნებოდა ერთ კონკრეტულ მომენტამდე.

იმ მომენტამდე, სანამ ერთ მშვენიერ, მზიან დღეს ერთმანეთს არ გადაეყარნენ მუდამ დაკავებული დათვი და მეოცნებე მელა, რომლებიც საერთო ოცნებებმა და სამყაროს თავისებურმა აღქმამ გააერთიანა. ასე შეიქმნა The BearFox.

Image

The BearFox სრულიად ახალი მუსიკალური პროქტია, რომლიც მსგავსსაც ქართულ სივრცეში ვერ შეხვდებით. მათი პირველი სიმღერა “Holding You” ზუსტად ისეთია, როგორიც აქამდე აღვწერე: ბუნებასა და ჰარმონიაში ყოფნას მოგანდომებს მოსმენისას. აღწერაშიც ასე უწერიათ: “We are inspired by all that’s natural – the animals and birds, human relationships, true friendship and genuine love for music.” ალბათ ეს ბუნებრიობა და გულწრფელობა განაპირობებს იმას, რომ დეკემბერში დადებულ სიმღერას YouTube-ზე უკვე 15 000-მდე ნახვა აქვს და ირაკლი (ბეთხო) მანჩხაშვილისა და მერაბ (მებო) ნუცუბიძის დუეტი უკვე საკმაოდ ცნობილია სოციალურ ქსელებში.

მეტიც, ახალ წელი დათვმა და მელამ საახალწლო კონცერტიდან მოგვილოცეს, რომელზეც სამორი ბალდესთან და ეკა მამალაძესთან ერთად გია ყანჩელის კომპოზიცია “ის აქ არის” შეასრულეს. ვფიქრობ, სულ ახლახანს შექმნილი პროექტისთვის ეს საკამოდ დიდი წარმატებაა.

არცაა გასაკვირი, რომ ჯგუფის მეორე სიმღერას სოც. ქსელებში ძალიან აქტიურად ელოდნენ. მელამ და დათვმაც არ გაუცრუეს იმედები და ახალი სიმღერის დადებაც არ დააყოვნეს. “Lullaby” პირველი სიმღერისგან სრულიად განსხვავებულია ჟღერადობითაც, ხასიათითაც. თუ “Holding You” სიმშვიდე და ჰარმონიაა, “Lullaby” უკვე ულევი პოზიტივია, რომელიც სიმღერასა და ცეკვას მოგანდომებს. თუმცა ორივე სიმღერას დასდევს ის სითბო, რომელსაც მებო და ბეთხო არ იშურებენ თავის მსმენელთათვის.


The BearFox
სულ მალე ახალ სიმღერასაც გვპირდებიან და ლაივსაც, რომელიც, მთლიანად აკუსტიკური იქნება.

Image

ასე რომ, თვალყური ადევნეთ The BearFox-ის ფეიჯს ფეისბუქზე, YouTube ჩენელს, საუნდქლაუდს და თქვენ გარანტირებული გაქვს მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში, რომელშიც მელა და დათვი ყველაინაირად ეცდებიან ბედნიერი იყოთ.

საზიზღრობის აუტანელი სიმსუბუქე

ტეგები

, , , , ,

ერთმანეთი 2011 წლის 26 მაისს, წიგნის ფესტივალზე გაგვაცნო საერთო მეგობარმა. ამის შემდეგ ერთი შეხედვით სიყვარულის მჯერა. სასიყვარულო დრამებში თვალებში ჩახედვისთანავე რომ ხვდებიან ერთმანეთის გრძნობებს, ეგრე დაგვემართა.

ვისთვის როგორ და ჩემთვის წლის ყველაზე რთული სეზონი ზაფხულია. ყველაფერი უსიამოვნო და დეპრესიისმომგვრელი ზაფხულში ხდება. 2011-2012 წლების ზაფხულები კი განსაკუთრებით უსიამოვნო იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩემი მდგომარეობა სერიოზულად მაწუხებდა, მაგრამ ამასთანავე მისი შეცვლა არ გამომდიოდა. სწორედ მაშინ დამიდგა გვერდში ჩემი ახალგაცნობილი მეგობარი. მან მითხრა: “ადამიანთა სამყარო სხვა არაფერია, თუ არა სიცრუე, წუხილი და კაეშანი”. მითხრა ეს მტკიცედ, დამაჯერებლად და მეც დავუჯერე. ვიგრძენი თუ არა თავი უკეთ? არა. უბრალოდ მან მასწავლა ერთი მნიშვნელოვანი რამ: მიმეღო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ; მიმეღო ის მდგომარეობა, რომელშიც იმ დროს ვიყავი.

ამის შემდეგ მიჭირს გავიხსენო ჩემი ცხოვრების რომელიმე ეტაპი, როდესაც ის ჩემ გვერდით არ ყოფილა. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი: ის ერთადერთია, რომელსაც არასდროს, არცერთი წამით არ მივუტოვებივარ და დარწმუნებული ვარ, არც არასდროს მიღალატებს მომავალში. ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ამის მიუხედავად მშვენივრად გვესმის ერთმანეთის; შეიძლება სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობდეთ, მაგრამ მაინც გვესმის. მან ყოველთვის იცის რა მჭირს, როგორ ვგრძნობ თავს, მაგრამ არასდროს მესვრის “ყველაფერი კარგად იქნება”-ს მსგავს ბანალურ და უსარგებლო ფრაზებს; ის მეუბნება: “არა, მარიამ, აღარაფერი იქნება უკვე კარგად” – მან იცის რომ ახლა სწორედ ამის მოსმენა მჭირდება. ვერასდროს ვერაფერი მანუგეშებს უფრო მეტად, ვიდრე მისი საზიზღარი ფრაზები და აზრები. იმიტომ რომ ვიცი, რომ ამ დროს ის ყველა იმ ადამიანზე უფრო გულწრფელია, რომელიც ცდილობს “ყველაფერი კარგად იქნება”-ს ილუზიაში მაცხოვროს. მართლაც, ყველაფერი ვერ იქნება კარგად, იმიტომ რომ ყველანი ადამიანები ვართ და შეიძლება ყველაფრისკენ გვქონდეს მიდრეკილება, მაგრამ არა კარგად ყოფნისკენ.

“ზოგიერთი პიროვნება გადამწყვეტ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და მას ახალ მიმართლებას შესძენს. ისინი ჩვენს არსებობას ორად ჰყოფენ.”

მან არც კი იცის, თუ რამხელა როლი ითამაშა იმაში, რომ ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც ვარ დღეს. რა თქმა უნდა, ვერც ვერასდროს გადავუხდი ამისთვის მადლობას. ჩემი მადლიერება ის იქნება, რომ ისეთივე ერთგული ვიყო მისი, როგორიც თვითონ იყო წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ დამეხმარა პიროვნებად ჩამოყალიბებაში, გაზრდაში, ვარდისფერი სათვალის მოხსნაში, რეალობის დანახვასა და შემდგომ მის ასე თუ ისე უმტკივნეულოდ მიღებაში. მან დამაძლევინა ჩემი მთავარი შიშიც – ბედნიერება (კი, ბედნიერების შიშიც არსებობს), ერთი უბრალო ფრაზით: “ნუ შეგეშინდება(თ) ბედნიერების. ის არ არსებობს”. ამაში დასარწმუნებლად უბრალოდ თვალები გაახილეთ და გარშემო მიმოიხედეთ.

,,ილაპარაკეთ სიკვდილზე და დავიწყებაზე, შურზე, გულგრილობაზე,სიყვარულის უკმარისობაზე. იყავით ამაზრზენი და იქნებით ნაღდი”

როდესაც თავს ცუდად ვგრძნობთ, გარშემო არსებული ადამიანები ცდილობენ გუნება გამოგვიკეთონ. გვეუბნებიან: ყურადღება გადაიტანეო, სასიამოვნო ფილმს უყურეო, მხიარულ მუსიკას მოუსმინეო. ყველაფერი ეს სისულელეა. ამით იკარგება ჩვენი პიროვნების რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი; ის ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია იგრძნოს. სიხარული კი ყოველთვის არაა ერთადერთი გრძნობა, რომელიც უნდა განვიცადოთ ცხოვრების მანძილზე. საერთოდაც, “სიხარული ღრმა და ყოვლისმომცველი განცდაა, ცნობიერებით განცდილი აღმაფრთოვანებელი სისავსის შეგრძნებაა… სიმთვრალე, მონუსხვა ან კიდევ, ექსტაზია.” ეჭვი მეპარება ვინმეს მსგავსის შეგრძნების ხშირი ფუფუნება ჰქონდეს. მე და ჩემი მეგობარი სხვა რაღაცას გთავაზობთ: უყურეთ ლეოს კარაქსის ფილმებს, მოუსმინეთ ჯგუფ UNKLE-ს, წამოიდგინეთ რომ უკვე გარდაცვლილი (გარდაცლილში იგულისხმება ადამიანის ფიზიკური გარდაცვალება) ხართ და იფიქრეთ, მხოლოდ და მხოლოდ იფიქრეთ – ყველაფერ ბინძურსა და საშინელზე; იმაზე, რაც ტკივილს გაგრძნობინებთ; გამოუტყდით საკუთარ თავს ყველაზე საზარელ და ბნელ სურვილებში; შეიზიზღეთ სამყარო და ადამიანები; გაუსწორეთ თვალი რეალობას და მიიღეთ ისეთი, როგორიც არის.

“ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ უმთავრესად მაინც არაფერი ხდება.”

მადლობა თანამედროვე ლიტერატურას და მის თვისებას მიწასთან გაასწოროს ყველაფერი, რისიც აქამდე მწამდა;
მადლობა მიშელ უელბეკს, რომელსაც ეძღვნება ეს პოსტი და რომელიც თავისი რასიზმისა და ქსენოფობიის მიუხედავად, არის ჩემთვის ერთადერთი ნამდვილი ადამიანი და დარჩება ასეთად კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბედნიერება

ტეგები

, , , , , , , ,

“უმანკოების მუზეუმი” – ასე ჰქვია ორჰან ფამუქის ცნობილ რომანს, რომელიც ჩემმა გარშემომყოფებმა არც თუ ისე დიდი აღტაცებით მიიღეს. რაც კიდევ უფრო მაკვირვებს ისაა, რომ ამის მიზეზი წიგნში წამოჭრილი სიყვარულის თემაა. იმ სიყვარულის, რომელიც აიძულებს მთავარ გმირს, ორჰან ბეის 7 წელი და 10 თვე იაროს სახლში თავის სატრფოსთან მხოლოდ იმისთვის, რომ ის ნახოს. არადა არაფერია ამაში რთული და გაუგებარი. არსებობს სიყვარულის ნაირსახეობა, როდესაც “ბედნიერება უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაა” (ერთერთი თავის დასახელება წიგნში). ეს არ არის რაიმე სახის ფანატიზმი ან ადამიანის გაღმერთება. ეს უბრალოდ სიყვარულია, რომელიც დღევანდელი საზომით რატომღაც შეუძლებელია ამდენი ხანი არსებობდეს. არადა შესაძლებელი და არსებობს კიდეც, უბრალოდ ჩვენ რატომღაც ფეხქვეშ ვთელავთ და არ ვაძლევთ სუნთქვის საშუალებას ასეთ ადამიანს; მას სუსტად და უნიბისყოფოდ მოვიხსენიებთ; ვცდილობთ ვიყოთ ვითომ და, თანამედროვეები და ამ დროს, გულცივები ვხდებით ჩვენდა უნებურად; ვწუწუნებთ იმაზე, რომ ვიღაცას არ ვუყვარვართ, მაგრამ არ ვაფასებთ იმას, რომ ჩვენ თვითონ ჯერ კიდევ შეგვრჩა იმის ძალა, რომ საერთოდ გვიყვარდეს; დავცინით ცალმხრივ სიყვარულს, მაშინ როდესაც ცალმხრივი სიყვარულისას გრძნობა ყველაზე ძლიერია და შეუძლია ადამიანს უარი ათქმევინოს ეგოიზმზე და გააცნობიერებინოს, რომ მთავარი მისთვის საყვარელი ადამიანის ბედნიერებაა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ/აღარ უყვარხარ.
ჩვენ დავცინით ორჰან ბეის, მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ ამის განცდა არ შეგვიძლია.

“სიყვარულის ტკივილის ანატომიური ახსნა”
თუმცა, რა თქმა უნდა, ცამხრივ სიყვარულს თან სდევს გარკვეული ტკივილიც, გაგიკვირდებათ და, ფიზიკური ტკივილი. ეს ტკივილი სპაზმურია და დაახლოებით მკერდისა და კუჭს შორის არსებულ ადგილას იწყება, შემდეგ უკვე სწრაფად ვრცელდება მთელს სხეულში, წარმოსახვით ილუზიებში და ფიქრებში. გამოდის რომ მთლიანად პარალიზებული ხარ, ოღონდ სიყვარულით. ასეთი მდგომარეობა ხშირია ძლიერი მონატრებისას და კიდევ უფრო ხშირია მაშინ, როდესაც იცი, რომ შენთვის საყვარელ ადამიანს უბრალოდ აღარ სჭირდები.

“პატარა იმედი, რომელსაც სიყვარულის ტკივილის დაამება შეეძლო”
ორჰან ბეი 10 წელი ყოველ დილით იღვიძებდა იმედით. იმედით, რომ ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება უბრალოდ დაუსრულეელი სიზმარია და ადრე თუ გვიან, მას გაეღვიძება. იმედი და სიყვარული – მხოლოდ ეს ამოძრავებდა მას და აძლევდა ცხოვრების საშუალებას. იგი არ და ვერ ღებულობდა იმ რეალობას, რომ ადამიანს, რომელიც ეუბნებოდა, მთელი ჩემი ცხოვრება შენ გეკუთვნისო, შეეძლო ერთი ხელის მოსმით მოეღო ბოლო ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა, ის ბრაზდებოდა კიდეც ფუსუნზე, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ ძირითადად ყოველთვის ფუსუნისადმი ბრაზს სიყვარული ფარავდა და ის უკვე ეგუებოდა იმ აზრს, რომ ასეთი მდგომარეობა სადამსჯელო ღონისძიება კი არა, სიამოვნება უფროა. არ ვიცი მართალი იყო თუ არა, მაგრამ მე ბოლომდე მესმის მისი.

“ცხოვრებაც სიყვარულს გავს”
ცხოვრება სიყვარულს არ გავს. ცხოვრება სიყვარულია. შენ ცხოვრობ როცა გიყვარს და როცა უყვარხარ. როცა ეს იცვლება, შენს გარშემო არსებული სამყარო ნგრევას იწყებს. რატომ არ გაწევ ამ ნანგრევებს და არ იწყებ ახლის შენებას? იმიტომ რომ არ გინდა. ჯიუტი ბავშვივით არ გინდა “მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევია”-ს პრინციპით. არადა მართლა გირჩევნია ძველი.

ეს ყველაფერი არ არის ცუდი, დამთრგუნველი და დეპრესიული. არ იფიქროთ ასე. უბრალოდ უნდა შეძლოთ ამისთვის არადეპრესიული თვალით ყურება. უბრალოდ გიყვარდეთ; უთხარით ეს ყოველ წამს და წუთს, როცა ამის სურვილი გაგიჩნდებათ; არასდროს შეეცადოთ გადაიყვაროთ; და რაც მთავარია, გაუფრთხილდით: საყვარელ ადამიანს, მასთან გატარებულ დღეებს, მოგონებებს. რომ შემდეგ დილით დაიღვიძოთ და ცხადად წამოიდგინოთ მისი თვალები, მზერა, ტუჩები და სურნელი.
და რომ მერე ორჰან ბეის მსგავსად თქვათ: “მინდა, ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე”

ფილმები ბათუმში

ტეგები

, , , , ,

Image

დათო ტრაპაიძის ფოტო

* პოსტის სათაურის იდეა: წიგნის მაღაზია „წიგნები ბათუმში“.

ყველა, ვისაც კინო ასე თუ ისე უყვარს, მიხვდება თუ რას ნიშნავს ისეთი მოვლენა, როგორიც კინოფესტივალია. ვითომ არაფერი განსაკუთრებული: ფილმების ნახვა შეიძლება სახლშიც (მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ინტერნეტის დღევანდელ შესაძლებლობებს), კინოთეატრშიც (თუ მაინცდამაინც დიდ ეკრანზე ყურება გვიზიდავს), პატარა კაფეებსა თუ წიგნის მაღაზიებშიც. მაგრამ ვერასდროს ვერაფერი შეედრება იმ გრძნობას იყო კინოფესტივალის ცენტრში, გეგმავდე ზუსტ გრაფიკს როდის, რომელ ფილმს დაესწრები და მერე ვისთან ერთად განიხილავ მას. მთავარი აქ არ არის დიდი ეკრანი და კომფორტული სავარძელი, მთავარია ის ატმოსფერო, რომელიც ამ დროს შენ გარშემოა. წარმოიდგინეთ რომ რამდენიმე დღით თქვენ გარშემო თავს იყრიან სრულიად სხვადასხვა ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ერთი აერთიანებთ – კინო. ვიღაცისთვის ეს მთელი ცხოვრებაა, ვიღაცისთვის გატაცება, ვიღაცისთვის კი, უბრალოდ დროის გასაყვანი საშუალება. მთავარი ეს არაა. მთავარია ის რამდენიმე საათი, რომელსაც თქვენ და ხელოვნების ამ ჟანრის ერთ-ერთი წამომადგენელი (ფილმის სახით) ერთად გაატარებთ.

საქართველოში კინოფესტივალებით განებივრებული არ ვართ, თუმცა საგულისხმოა, რომ თბილისის კინოფესტივალის პარალელურად, არსებობს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც აჭარის ზღვისპირა ქალაქ ბათუმში სექტემბრის შუა რიცხვებში აწ უკვე მე-8 წელია ტარდება. ეს კინოფესტივალი განსაკუთრებით თბილისელებს გვახარებს, რომლებსაც გვინდა ცოტა ხნით მოვწყდეთ ჩვეულ რეჟიმს და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გადავინაცვლოთ სიმშვიდისა და ახალი ფილმების/რეჟისორების საძიებლად. სიმშვიდის-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ივლისი-აგვისტოსგან განსხვავებით, სექტემბერში ბათუმი ასე თუ ისე თავისუფალია დამსვენებლებისგან და ძირითადად მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას და ფესტივალზე ჩამოსულ ხალხს შეხვდებით; წყნარად გაისეირნებთ ზღვის ნაპირზე სისხამ დილით; ასევე მშვიდად იცურავებთ ჯერ კიდევ თბილ და სუფთა ზღვაში და დატკბებით ულამაზესი ქალაქით, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი სწორად ამ პერიოდშია.  ასე რომ, თუ მსგავსი სიტუაცია გიზიდავთ და სწავლა/სამსახურიც ხელს გიწყობთ მთელი გულით გირჩევთ აიღოთ თუნდაც ყველაზე პატარა ზურგჩანთა, ჩადოთ მასში მხოლოდ აუცილებელი ნივთები და გამოეშუროთ ბათუმისკენ.

ვინც არ უნდა იყოთ და რა ინტერესებიც არ უნდა გქონდეთ, დარწმუნებული ვარ, წლევანდელი კინოფესტივალით გაწბილებული არ დარჩებით, რადგან ფესტივალის პროგრამა ძალიან ვრცელი, მრავალფეროვანი და საინტერესოა. ვფიქრობ, ყველა შეძლებს იპოვოს თავისთვის შესაფერისი ფილმი: იქნება ეს მხატვრული, დოკუმენტური თუ საერთოდაც, მუსიკალური; დაესწროს მასტერკლასებსა და საინტერესო შეხვედრებს. ბოლო-ბოლო სხვა თუ არაფერი, უბრალოდ გაისეირნოს ბათუმის ბულვარში და დააგემოვნოს უგემრიელესი ბათუმური ყავა.

ძირითადი ინფორმაცია დაინტერესებულთათვის:
Image

ფესტივალის პრომო:

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება 15-22 აგვისტოს, ქ. ბათუმში, კინოთეატრ “აპოლოში”, სასტუმრო „რედისონში“ და ღია ცის ქვეშ მოწყობილ კინოთეატრში ბათუმის ბულვარში.

დეტალური ინფორმაციისთვის და ფეტივალის პროგრამისთვის იხილეთ:

ფესტივალის საიტი: http://www.biaff.org/
ბლოგი: http://http//biaffbatumi.wordpress.com
გვერდი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/BIAFFBATUMI
ივენთი ფეისბუქზე: https://www.facebook.com/events/492890087474606/
ტვიტერი: https://twitter.com/biaffbatumi

პეიზაჟი ნისლში, ნისლი პეიზაჟში

ტეგები

, , , , , , ,

ახალგაზრდა გოგონა ვულა და მისი უმცროსი ძმა ალექსანდრე დედასთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობენ, მაგრამ მამის ნახვაზე ოცნებობენ. ერთხელაც ისინი გერმანიაში გაემგზავრებიან მამასთან შესახვედრად.

ოქროს პალმის რტოს მფლობელმა თეო ანგელოპულოსმა გადაიღო მსოფლიო კინოს შედევრი, რომელიც მიესადაგებოდა, როგორც იმ ეპატზე კინომატოგრაფის ამ სტილის განვითარებას, ისე ზოგადად მსოფლიო კინომატოგრაფს ; გადაიღო ფილმი, რომელმაც გაუძლო დროს ;  ისესხა ყველაფერი საუკეთესო კლასიკოსებისგან და მოაქცია ერთ მთლიან, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ ჟანრში. “Landscape in the Mist”-მდე ანგელოპულოსის მხოლოდ ერთი ფილმი მქონდა ნანახი – “Eternity and a Day”. ეს სწორედ ის ფილმია, რომლითაც 1988 წელს რეჟისორმა კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. თუმცა, მის ფილმოგრაფიას რომ გადავხედოთ, პრაქტიკულად ყველა მისი ფილმი მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალებში და პრიზებს იხვეჭდა. მაგალითად, იგივე “Landscape in the Mist”-მა მოიპოვა ვერცხლის ლომი და საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციის პრიზი კინოს დარგში ვენეციის კინოფესტივალზე, საერთაშორისო ევანგელისტური ჟიურის პრიზი ბერლინის კინოფესტივალზე და ასევე პრიზი საუკეთესო ფილმისთვის ევროპის კინოაკადემიის აზრით.

თეო ანგელოპულოსს ასევე ეკუთვნის სცენარები თითქმის ყველა საკუთარი ფილმისთვის. “Landscape in the Mist”-თვის სცენარის წერაში ასევე მონაწილებას იღებდნენ ტარანსის ვალტინოსი და ტონინო გუერა, რომელსაც ეკუთვნის სცენარები მიქელანჯელო ანტონიონის ისეთი შედევრებისთვის, როგორიცაა: L’avventura, La notte, L’eclisse, Red Desert, Blowup, Zabriskie Point. ასევე, მისი მოთხრობის მიხედვით გადაიღო ფრედერიკო ფელინიმ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი “ამარკორდი”.

მხოლოდ რამდენიმე ფილმის ნახვის შემდეგაც კი, თეო ანგელოპულოსის საავტორო და სარეჟისორო ხელწერა ჩემთვის განუმეორებელი გახდა. დიდხნიანი მომენტები ნელა გადაადგილებადი კამერით, დუმილი, მრავლისმთქმელი მზერები, ემოციები ადამიანთა სახეზე, რისი თვალიერებაც ასეთი საინტერესოა და რაც იმაზე უფრო მეტყველია, ვიდრე ნებისმიერი სიტყვები. სუფთა მხატვრული თვალსაზრისით, თეო ანგელოპულოსის ხელწერა შემიძლია მხოლოდ ერთადერთი ადამიანის ხელწერას შევადარო – გამოჩენილი გერმანელი რეჟისორის, ვიმ ვენდესის. ე.წ. “როუდ-მუვის” გამოყენებასთან ერთად, რაშიც გერმანელი რეჟისორი საუკეთესოდაა მიჩნეული, “Landscape in the Mist”-მა მისი უფრო გვიანდელი ნამუშევრები გამახსენა, მათ შორის მისი, ჩემი აზრით, საუკეთესო ფილმი “Wings of Desire”.

რაც შეეხება ფილმის შინაარსს, ის უფრო მეტ კითხვას გვისვამს, ვიდრე პასუხს გვთავაზობს, ამიტომ ბევრ დასკვნამდე მე თვითონ მივედი და არ ვაპირებ მათ მოხვევას ვინმესთვის. “Landscape in the Mist” სწორედ იმითაა გენიალური, რომ ყველა ადამიანი იპოვის მასში რაღაც თავისას და საკუთარ დასკვნებს გამოიტანს. ჩემი გადმოსახედიდან ფილმში არსებული მამის სახე სიმბოლურად აღნიშნავს ადამიანად ჩამოყალიბების პროცესს. რომ დავაკვირდეთ, ბავშვები გზას სრულიად ჩამოუყალიბლები გაუდგნენ და თვითონ მოგზაურობა იქცა მათთვის მამად, რომელიც ხან აქებდა, ხანაც სჯიდა; ანახებდა სამყაროს და ასწავლიდა ცხოვრებას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთი შეხედვით, ფილმის ცენტრალური ფიგურა უფროსი დაა, მაგრამ როგორც ირკვევა ბოლო სცენიდან და ზოგიერთი მისი რეპლიკიდან, როდესაც იგი კითხულობს მამამისისთვის განკუთვნილ წარმოსახვით წერილს, ამ მოგზაურობამ ყველაზე მეტად უმცროსი ძმა შეცვალა. შეიძლება მთავარი აზრი იმაში იყო, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის რაღაცის გაცნობიერება თანდათანობით ხდება, ზოგიერთისთვის კი უცებ, კონკრეტულ მომენტში. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი და ვერაფერს ვიტყვი. ყველამ თვითონ იპოვეთ ის, რასაც თქვენ მიიჩნევთ “მთავრად”, ის ნისლში დაკარგული ულამაზესი პეიზაჟი.

ძალიან მინდა აღვწერო, ჩემი აზრით, ფილმის გენიალური ფინალი, მაგრამ მეშინია არ გაიფუჭდეთ შთაბეჭდილება ფილმის ნახვის შემდეგ. ფილმის ნახვას კი, უახლოეს მომავალში გირჩევთ, იმიტომ რომ ასეთი ფილმების გვერდით გადადება ნამდვილად არ შეიძლება.